გაერო-ს უშიშროების საბჭო, ისრაელი-ირანის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, პარასკევს საგანგებო სხდომას გამართავს.
მედიის ინფორმაციით, სხდომა ირანის, რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ალჟირის მოთხოვნით გაიმართება.
გაერო-ში ისრაელის ელჩის, დენი დენონის განცხადებით, შეხვედრას ისრაელის მხარეც დაესწრება.
„ისრაელმა არა მხოლოდ თავი დაიცვა, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს წინაშე არსებული მთავარი საფრთხეც აღმოფხვრა“, – განაცხადა ელჩმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კონფლიქტის მხარეებს დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამასთან, მისი თქმით, კონფლიქტის შემდგომ ინტერნაციონალიზაციას შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს.
„ნებისმიერ დამატებით სამხედრო ჩარევას შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ჩართული მხარეებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა გუტერეშმა.
