დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ 1-ელ მაისს დებატები სახელწოდებით „სინდისის პატიმრები“ გამართა, რომლის დროსაც პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო დონეზე, იმ პატიმრების საქმეები განიხილეს, რომლებიც მათი შეხედულებისა თუ გამოხატვის თავისუფლების გამო არიან დაკავებულები.
მათ არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ქართველ სინდისის პატიმრებზე და “ნეტგაზეთისა” და ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე. მათ გამოთქვეს შეშფოთებას საქართველოში პრესის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიებთან დაკავშირებით.
დებატების ინიციატორი პარლამენტარი ჯიმ შენონი იყო, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, სინდისის პატიმრების მზარდი რაოდენობა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას მათი შეხედულებებისა და გამოხატვის თავისუფლების გამო უსამართლოდ დაკავებული პირების დასაცავად.
მან ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. პარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს რეპრესიების წინაშე მყოფი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, ამაღლობელის საქმე კი ცენტრალურ წერტილად გამოიყენეს საქართველოში დემოკრატიის წინაშე არსებული ფართო გამოწვევების განსახილველად.
“სინდისის პატიმრები, რომლებიც სასოწარკვეთილებაში ცხოვრობენ თავიანთი რწმენისა და შეხედულებების გამო, არ არიან დამნაშავეები. ისინი არიან ექიმები, მასწავლებლები, მხატვრები, მწერლები და ჟურნალისტები. მათი ე.წ. დანაშაული თავისუფალი აზროვნება, ღირებულებები, გულწრფელად საუბარია. სინდისის პატიმრები არიან პირები, რომლებიც ციხეში არა რაიმე დანაშაულისთვის, არამედ თავიანთი რწმენის, აზრის გამოხატვის ან ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულების გამო მოხვდნენ. ისინი ადამიანის ტირანიის წინააღმდეგ მდგრადობის დასტურად შეგვიძლია აღვიქვათ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი ჩვენი გლობალური ოჯახის წევრები არიან – ჩვენი ძმები და დები – და ისინი იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას”, – თქვა ჯიმ შენონმა დებატებისას.
გარდა ამისა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლირიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი უნდა დადგეს მათ გვერდით, ვინც „ყველაფერს რისკავს დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის“, მან მაგალითად დაასახელა ჰონგ-კონგელი ჯიმი ლაი და ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
მან აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის ბოლოდროინდელი დაპატიმრება საქართველოში „რუსეთის გარე ჩარევის კარგი მაგალითია“.
ლეიბორისტმა რუპა ჰუკმაც ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების შესახებ, რომლებსაც „არ დაურღვევიათ არცერთი სისხლის სამართლის მუხლი“, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო რჩებიან პატიმრობაში.
პარლამენტის წევრები შეთანხმდნენ, რომ დიდმა ბრიტანეთმა უნდა გააგრძელოს სინდისის პატიმრების მხარდაჭერა იქნება ეს ჩინეთში, ირანში, რუსეთში, კავკასიაში თუ სხვაგან – და ზეწოლა მოახდინოს სხვა მთავრობებზე, რათა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაპატიმრებულები.
