ბორჯღალოსნები | რუმინეთისთვის მზადება დაიწყო

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა 2 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხზე“, რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის 34 მორაგბე გამოიძახა.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალი სახეა. გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც ბოლო დროს “ტულონში” „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით თამაშობს. შეკრებაზეა “მონპელიეს” ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ასევე, პოტენციური დებიუტანტები – “ლა როშელის” კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და “შავი ლომის” მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე.
34-კაციან
შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.
ჩვენ და რუმინეთი
“ბორჯღალოსნებს” 35 წლის განმავლობაში 272 თამაში აქვს ჩატარებული და აქედან ყველაზე მეტი რუმინეთთან – 28. წლების წინ „მუხები“ ჩვენს მთავარ კონკურენტებად ითვლებოდა და პირველი 9 დაპირისპირებიდან 7 მოიგო (1998-2006 წლები), მერე კი სიტუაცია შეიცვალა.
მას შემდეგ 19 თამაშიდან საქართველომ 16 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი დათმო (2010 და 2017 წლებში). ჯამში, “ბორჯღალოსნებმა” მოიგო 18 თამაში, ერთი ფრედ დაასრულა და დათმო 9; გაიტანეს 64 ლელო და 617 ქულა, თავად კი 37 ლელო და 447 ქულა მიიღეს.
რუმინეთმა თბილისში წარმატებას ბოლოს 2003 წელს მიაღწია (19:6), ბოლოს კი თბილისს შარშან, აგვისტოში ეწვია და სარეკორდო სხვაობით – 6:56 დამარცხდა. საქართველომ მეტოქეს 8 უპასუხო ლელო გაუტანა და ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა მოიხვეჭა.
2002 წლიდან ერთმორწმუნე “ბორჯღალოსნებსა” და „მუხებს“ შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის გარდა), რომელსაც დღემდე საქართველო 17-ჯერ, რუმინეთი კი 6-ჯერ ფლობდა.
“ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).
ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).
Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ