“ბორჯომის ბაზრის” ხანძრით დაზარალებულებს მერია ₾2 000-დან ₾10 000-მდე კომპენსაციას გადაუხდის – “ბაქანი”

დამწვარი “ბორჯომის ბაზრობის” მოვაჭრეებს მერია 2 000-დან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის, ბაზრობის აღდგენა კი დაახლოებით 6 თვეში იგეგმება – ამის შესახებ BM.GE-სთან ნახანძრალი ტერიტორიის ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორმა, თორნიკე წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მერია ადგილს ასუფთავებს, რის შემდეგაც “თბილისი ცენტრალს” გადასცემს. პარალელურად, მიმდინარეობს ახალი ბაზრობის პროექტის შეთანხმება.
” მერიამ კომპენსაციების ნაწილი ფართების მიხედვით სამად გაყო. პროდუქტით მოვაჭრეები აიღებენ 2 000 ლარს, ცოტა დიდი ფართი ვისაც ჰქონდა 5 000 ლარს და ყველაზე დიდ ფართში მოვაჭრეები 10 000 ლარს.
ამ ეტაპზე პროცესი ასეთია, სუფთავდება ტერიტორია, რის შემდეგაც უნდა გადაეცეს “თბილისი ცენტრალს”. მას შემდეგ კი, რაც პროცესი დასრულდება ცენტრალი შევა და ახალ ბაზარს ააშენებს.
ჯერ შეთანხმებული არ არის, ჩვენ რა ნაწილში, ან როგორ დავრჩებით. ახლა პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს და ცხადია, ჩვენს გვაქვს საუბარი და მოლაპარაკებები.
მერია ცდილობს, რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს ყველაფერი. ახლა, დაახლოებით 6 თვის ვადას ფიქრობენ”, – განაცხადა თორნიკე წერეთელმა.
მისი თქმით, “ბაქანის” ტერიტორიაზე 341 მოვაჭრეს დაეწვა ფართი.
ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი 29 აპრილს გამთენიისას გაჩნდა.
ცნობისთვის, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, ქვეკონტრაქტორი კომპანია “ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელია თორნიკე წერეთელი. კომპანიის აქციონერები ასევე არიან ხათუნა გიგოლაშვილი და სიმონი გველესიანი.