საქართველოს საზღვარზე ტრანზიტული ტრაილერების გაფორმება ფერხდება. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიზეზი ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვაა, რომლის ფარგლებშიც გამოწვევაა ადამიანური რესურსი და საბანკო გარანტიები, რომლის მიღებაც კომპანიებს უჭირთ, რაც საზღვარზე პროცესებს აჭიანურებს.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში კომპანია SKYLOG-ის მმართველმა პარტნიორმა განაცხადა, ახალი სისტემის ამოქმედებას საქართველო მოუმზადებელი შეხვდა, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში კოლაფსია შექმნილი საქართველოს საბაჟოზე.
გიორგი ზუმბაძის განმარტებით, არასაკმარისი საკადრო რესურსის გამო ფერხდება NCTS დეკლარაციების დროული გაცემა, რაც საზღვარზე რიგებს იწვევს. მისი თქმით, აუცილებელია საკითხის დროული გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება
“NCTS-ის სისტემაში საქართველოს ჩართვა ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს ევროპულ საბაჟო სისტემასთან ინტეგრაციაში. თუმცა საკითხი დგას – რა ფორმით და როგორ. სერიოზული პრობლემა შეიქმნა და ვართ კოლაფსის მოწმეები, რასაც მე მოუმზადებლობას უფრო დავარქმევდი. არასაკმარისი საგარანტიო რესურსების და კადრების გამო NCTS-ის დეკლარაციების დროული გაცემა ფერხდება. შესაბამისად, ბოლო ერთი კვირაა, კატასტროფული კოლაფსი შეიქმნა წითელ ხიდსა და ლაგოდეხის საზღვარზე, საიდანაც ძირითადად საქართველოში ტრანზიტული ტვირთები შემოდის.
ფიზიკურად ვერ აუდიან, რომ დროულად დაიბეჭდოს და გასცენ საკმარისი დეკლარაციები და მანქანას შესაძლებლობა მიეცეს, საქართველოში შემოვიდეს. უკვე ალიათის პორტამდეც კი ჩავიდა [რიგები] და იქიდანაც აღარ უშვებენ ტრანზიტულ მანქანებს. საჭიროა მეტი კადრი, მეტი აგენტი, ვისაც ლიცენზია ექნება, რომ ეს დეკლარაციები დაბეჭდოს და დროულად ხდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა”, – განაცხადა გიორგი ზუმბაძემ.
ცნობისთვის, იმაზე, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საზღვრის კვეთისას სატრანსპორტო საშუალებებს პრობლემები ექმნებათ, კომპანია „BEKO საქართველოშიც” საუბრობენ. პრობლემის არსებობას ადასტურებენ საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციაშიც.
