“ოცნების” მთავრობის იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა და მას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
როგორც იუსტიციის სამინისტრომ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა, მინისტრმა კერძო სექტორს გააცნო ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მათ შორისაა “ბიზნესასისტენტი”, „გონიერი კონტრაქტი“, აღსრულების სერვისები, სანოტარო მედიაცია, ელექტრონული საფულე და სხვა.
“დისკუსიის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებმა შესაძლებლობა მიიღეს, კონკრეტულ სერვისებზე მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც”, – წერს უწყება.
იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უწყება აქტიურად მუშაობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობაზე და სამომავლოდაც გააგრძელებს კერძო სექტორთან დიალოგს.
