„[ბიზნესში] არ იციან, რა იქნება მომავალში და მიჰყვებიან დინებას“ – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა წამყვანის კითხვას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის გამო, ბიზნესის მოლოდინებს შეეხებოდა.
BDO-ს მმართველმა პარტნიორმა მოლოდინებზე საუბრისას ორი ტიპის ბიზნესმენები გამოყო.
“ბიზნესმენების ნაწილი მიმდინარე მოვლენებს ნეიტრალურად უყურებს – არ აქვთ მოლოდინი, სიტუაციის გაუმჯობესების, მაგრამ დიდად არც გაუარესებას ელიან და უფრო მეტად სტაბილურობის მოლოდინი აქვთ ანუ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური პროცესები მათ საქმიანობაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ბიზნესმენების მეორე ნაწილს კი, ნეგატიური მოლოდინები აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესში მოლოდინები სექტორებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, სტუმარმასპინძლობის სფეროსა და ასევე, უძრავი ქონების სექტორზე [პოლიტიკურმა კრიზისმა] ნეგატიური გავლენა მოახდინა და [ამ სფეროებში მოლოდინები გაუარესებულია].
საერთო ჯამში, ბიზნესში ბევრისთვის მოლოდინი ასეთია – არ იციან, რა იქნება მომავალში და მიჰყვებიან დინებას“, – განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ზურაბ ლალაზაშვილმა იანვარში დაფიქსირებულ 11%-იან ზრდის ფაქტორებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ აღნიშნულის მიზეზი შეიძლება „დეკემბერში გადავადებული მოთხოვნების რეალიზაცია ყოფილიყო“.
„იანვარი, შეიძლება, ყოფილიყო გამოძახილი დეკემბერში შეკუმშული ზამბარის ეფექტის. მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ იანვრის 10 რიცხვიდან გაყიდვები მეტ-ნაკლებად აღდგა; ჯერ არ ვიცით, თებერვალი როგორი იყო“, – აღნიშნა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.
ზურაბ ლალაზაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური კრიზისის გამო, ყველა ბიზნესი გაჩერდება და ყველაფერი დაიხურება, მაგრამ მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შენელება, ბიზნესის აქტივობაზე აისახება.
„დაბალი ეკონომიკური ზრდის დროს, ან როცა არ იზრდება ეკონომიკა, შეიძლება, კომპანიებმა ზარალზე იმუშაონ ან მოუწიოთ თანამშრომლობის შემცირება ან კიდევ შეამცირონ რეინვესტირება და ა.შ. ამდენად, ასეთი ტიპის გამოწვევები თუ შენარჩუნდა, ის პირველ რიგში, მცირე ბიზნესზე მოახდენს გავლენას, რომელიც უფრო მოწყვლადია და არ აქვს რესურსი გადარჩენის; მცირე ბიზნესისთვის ერთი თვით გაყიდვების შემცირებაც კი, დახურვას იწვევს. რაც შეეხება საშუალო და მსხვილ კომპანიებს, მათ აქვთ რესურსი, გაუძლონ მცირეხნიან ჩავარდნებს და ადაპტაცია შეძლონ. ადაპტაცია კი რამდენიმე სახისაა – ხარჯები შეამცირონ, ახალ ბაზრებზე გავიდნენ, თანამშრომლები შეამცირონ და ა.შ. ადაპტირების კუთხით, ბიზნესს გამოცდილება ნამდვილად დაუგრვდა, მით უფრო ქართულ ბიზნესს, რომელიც მრავალჭირნახულ გამოვლილია“, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
