ბექა კობახიძე: მოკლედ, ყველაფერი კაი ხდება სამეზობლოში

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
აზერბაიჯანი-რუსეთი-სომხეთი
იმდენად რამდენადაც ანტიპათიით ვარ განწყობილი ალიევის, როგორც დიქტატურისა და კორუფციის ჭაობის ავტორისადმი, მრავალი წელია იმდენადვე აღფრთოვანებული ვარ მისით, როგორც საგარეო პოლიტიკის გროსმაისტერისადმი.
ალიევმა გააბითურა სომხური საგარეო პოლიტიკა და სომხურზე მეტად რუსული.
აქ ამ უკანასკნელზე მინდა შევჩერდე თუ როგორ ოსტატურად დადო მან ბეჭებზე პუტინი.
ისტორიულად, აზერბაიჯანული კოლექტიური მეხსიერება არის ანტირუსული, ხოლო სომხეთისა პირიქით – პრორუსული. ალიევი თითქმის ოცი წლის მანძილზე ქმნიდა პუტინისთვის სამაგალითო პოლიტიკოსის იმიჯს – დიქტატორი, რომელიც ფართო გზას უხსნის საკუთარ ქვეყანაში რუსულ ენასა და კულტურას. მაღალი დონის ორმხრივ პრესკონფერენციებზე ყოველთვის ხმამაღლა ითქმოდა, რომ აზერბაიჯანში წარმატებით მუშაობს რუსული საგარეო რბილი ძალის ელემენტი “რუსული სახლი”, ამდენი ასეული რუსული სკოლა მუშაობს, ამდენი ათასი მოსწავლე სწავლობს, ბაქოში დიდი უნივერსიტეტია ლომონოსოვის უნივერსიტეტის ფილიალი და ა.შ.
მეორე მხრივ, სომხებმა მოაწყვეს დემოკრატიული რევოლუცია, გადახედეს საგარეო პოლიტიკას, მოინდომეს დემოკრატია, შეზღუდეს რუსული ენა და ა.შ.
2020 წელს პუტინი აყვა ცდუნებას, რომ ალიევის ხელით დაესაჯა ისტორიული მოკავშირე სომხეთი. უფრო სწორად, მისი ლიდერი – ფაშინიანი. თუმცა, 2020 წელს ეს საქმე ბოლომდე არ მიაყვანინა ალიევს, აცადა აზერბაიჯანელთათვის მნიშვნელოვანი ქალაქის – შუშის – დაბრუნება და ამის შემდეგ შეაწყვეტინა ომი, რათა კონფლიქტი არ დასრულებულიყო და რუსეთი კვლავაც დარჩენილიყო რეგიონში მედიატორად და მაკონტროლებლად. მანამ სანამ რუსეთი იყო მედიატორი, სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უკეთ მოიგებდა რუსეთის გულს. იდეალური ბალანსი იყო ეს რუსებისთვის. თუმცა, 2020 წელს პუტინმა ეს ბალანსი დაარღვია და სომხეთი გაიუცხოვა იმ იმედით, რომ სომეხი ხალხი ფაშინიანს დაამხობდა. ფაშინიანი არ დაემხო, მედეგი გამოდგა. რატომ არ დაემხო? იმიტომ რომ მისი ალტერნატივა იყო კორუფციაში ჩამრხჩვალი პრორუსული ელიტა, რომელიც 20 წელი მართავდა სომხეთს.
2018 წლის სომხური რევოლუცია საერთოდ არ მომხდარა საგარეო პოლიტიკური განზომილების გამო, სომხებს არანაირად არ სურდათ კურსის ცვლილება. რევოლუცია მოხდა ერთი სურვილით – დასრულებულიყო კორუფცია, ჭაობი, განუვითარებლობა.
რუსეთი რომ აყოლოდა ამ მისწრაფებას და ცვლილებისთვის აება მხარი, არც ყარაბაღის მეორე ომს დაუშვებდა, სომხეთსაც გააკონტროლებდა და აზერბაიჯანსაც.
მაგრამ არა, პუტინის პრაგმატული დამოკიდებულება რევოლუციასთან და დემოკრატიასთან შეუძლებელია. მან ბრძოლა დაუწყო სომხეთში ცვლილებებს და დაეყრდნო ყველაზე მარგინალურ ჯგუფებს; შემდეგ ალიევი შეუსია ყარაბაღს და შედეგად მიიღო სომხეთის ანტირუსული პოლიტიკა.
რუსეთს არ სურდა ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება, მაგრამ, უკრაინის ომში ჩაბმულს, 2023 წელს მას ძალა არ შესწევდა ალიევისთვის სამხედრო წინააღმდეგობა გაეწია. ალიევმა კონფლიქტი დაასრულა.
თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი დასრულდება, ამ ორივე ქვეყანაში რუსეთზე დამოკიდებულება ნულის ტოლი ხდება. დაინახა რა, რომ რუსეთი თითის გამნძრევი არ არის მისთვის, ამ გზით წავიდა ფაშინიანი. ის ყველაფერს აკეთებს, რათა თურქეთისა და აზერბაიჯანის საფრთხე დიპლომატიით მოხსნას, მათ შორის საკუთარი თავის პიროვნული დამცირების ხარჯზე. თუ ის ამას მოახერხებს, მას აღარ სჭირდება რუსეთი, როგორც უსაფრთხოების გარანტი და მას შეუძლია ევროპისკენ იმოძრაოს. ეს ძალიან უმადური და მტკივნეული საქმეა, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკაა. ფაშინიანი აქ დიდ პატივისცემას იმსახურებს.
თუმცა, ურთიერთობათა რეგულაცია ორმხრივი ამბავია და იყო საფრთხე, რომ ალიევს არ მოუნდებოდა სომხეთთან დამეგობრება. იქ ზანგეზურის კორიდორი, სომხეთის სისუსტეების კიდევ მეტად გამოყენების მცდელობა, მტრის ხატად სომხეთის შენარჩუნების სურვილი, რადგან დიქტატორებს აუცილებლად სჭირდებათ მტრის ხატი… მოკლედ, ათასი საბაბით, ალიევი დღემდე თავს არიდებს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას.
ამ დროს რა ქნეს რუსებმა: შემთხვევით თუ არა შემთხვევით, რამდენიმე თვის წინ ჩამოაგდეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი. დაიღუპა ხალხი. ამას არ მოჰყოლია რუსთა მხრიდან სათანადო რეაგირება – პუტინმა პირად საუბარში მოიბოდიშა ალიევთან. პოლიტიკაში პირადი საუბრები გაუგებარი კატეგორიაა. ათეულობით აზერბაიჯანელი მოკვდა, რასაც გლოვა, დროშების დაშვება, კომპენსაცია და საჯარო თანაგრძნობა (ბოდიში თუ არა) უნდა მოჰყოლოდა.
აბა რუსი “ტუზემცებს” ამდენ პატივს როგორ დასდებს…
აქ ამუშავდა ის ანტირუსული დნმ, რომელიც აზერბაიჯანელებს ყოველთვის ქონდათ და რომელიც ოციოდე წლით პრაგმატულ პოლიტიკური მიზნებით მიაძინა ალიევმა. ახლა რადგან რუსეთი ყარაბაღში როლს ვეღარ თამაშობს, რადგან უკრაინის ომშია ჩაბმული, რადგან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ბოდიში არ მოიხადეს, ალიევმა გადაწყვიტა ქმედებაზე გადასულიყო და ეჩვენებინა, რომ ისიც დიდი ბიჭია, განსაკუთრებით ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. მან დახურა “რუსული სახლები”, ანუ რუსული კულტურის ცენტრები. თან ეს ანტიდასავლური რიტორიკის ფარგლებში გააკეთა, რათა რუსებს სახე არ დაეკარგათ და მათი კონტრქმედების აუცილებლობა არ დამდგარიყო. ანუ, ყველა საერთაშორისო აქტორი იხურებაო და გაშუქდა, რომ USAID დახურეს. არადა აქ მთავარი “რუსული სახლის” დახურვა იყო.
პუტინი აქაც ველურად მოიქცა – ვერ ეგუება რა ალიევის სუვერენულ ქმედებას და რუსული სამყაროს კონტროლიდან გასვლას, რუსულ ქალაქებში თავზე დაადგნენ აზერბაიჯანული დიასპორების ხელმძღვანელებს და ყველაზე დამამცირებელი ფორმებით დააკავეს, კამერებზე ჩაწერეს და გამოდეს. ანუ, თვითმფრინავის ჩამოგდება არ იკმარეს, ახლა ეთნიკურ აზერებს რუსეთში დაერივნენ. ამის საპასუხოდ, ალიევმა დააკავა რუსული პროპაგანდისტული მედიის, სპუტნიკის ხელმძღვანელი აზერბაიჯანში და ვიღაც რუსი მოქალაქეები გახია ცემაში და გამოდო კადრები. პასუხად, რუსეთმა კიდევ მეტი აზერბაიჯანელი დაიჭირა კამერების წინ. პასუხის პასუხად ალიევი კიდევ უფრო შორს წავიდა და გამოაცხადა რუსული სკოლების დახურვა, რაც “რუსული სამყაროდან” გასვლასა და რუსული კულტურული სივრციდან აზერბაიჯანის ამოშანთვას ნიშნავს. რუსული პროპაგანდისტული არხები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომის დაწყებით, ეკონომიკის გათიშვითა და უშვერი სიტყვებით იმუქრებიან თავიანთი ტელევიზიებიდან.
რუსების იდიოტიზმმა და იმპერიულმა ქედმაღლობამ ეს პროცესი დააჩქარა, მაგრამ ეს უამისოდაც მოსალოდნელი იყო. აზერბაიჯანელთა კოლექტიური მეხსიერება რუსეთთან კავშირს არ ითხოვს, – მის წინააღმდეგ არის მოწყობილი.
ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ესკალაციის ეს სპირალი ხანგრძლივ სტრატეგიულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, ალიევი ერთდროულად ვერ დაეტაკება რუსეთსა და სომხეთს. ამიტომ, ალიევის რუსეთთან დაპირისპირება სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასა და მეგობრული კავკასიის შენების პერსპექტივასაც ნიშნავს.
ეს ყველაფერი ქნა პუტინმა. უკრაინაშიც “მისი იმედი” მაქვს.
ამასთანავე, ანტირუსული სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, თუ ვეღირსეთ ამ მოცემულობას, საქართველოს პრორუსულად დარჩენა გაუჭირდება. სულ მინიმუმ, შერბილება მაინც მოუწევს, მეზობლებთან ძალთა ბალანსისთვის.
მოკლედ, ყველაფერი კაი ხდება სამეზობლოში.