ემიგრანტის მთვარე
– მთვარევ, მთვარევ, წუთით დადექ,
ქვეყანა რომ მოიარე,
როგორ იყო ჩემი მიწა,
როგორ დაგხვდა ჩემი მხარე?
– შენი მიწა ედემია,
როგორც ბაღი მსხმოიარე,
მაგრამ დამკრეფი არ ჩანდა,
ცოდვით ფეხი გავაჩქარე!
– მთვარევ, მთვარევ, არა მჯერა,
დაევიწყოთ ყურძნის კრეფა?
– სადაური ძაღლი სად ხარ,
სადაური სადა ყეფავ,
ნისლი იდო მთელ მიწაზე,
თითქოს გაეჭიმათ სეფა!
– მთვარევ, მთვარევ, რომ იჩქარე,
როგორ ნახე ჩემი სახლი?
– ჯაჭვი ხეზე ჟღრიალებდა,
მაგრამ ზედ არ ება ძაღლი!
– მთვარევ, მთვარევ, ერთსაც გკითხავ,
ვინა ნახე, რომ იარე?
– მამაშენი მკვდარი არის,
დედაშენი მგლოვიარე,
შენი ძმები ლოთებია,
შენი დები მითუარე!
– მთვარევ, მთვარევ, რას მერჩოდი,
როგორ ვიყო მგლოვიარე?