ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუჩები, ეზოები და სახლების სარდაფები დაიტბორა

ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
მოქალაქეების ინფორმაციით, დატბორილი ქუჩების გამო, გადაადგილება უჭირთ, ისინი ს მერიას მიმართავენ.
“ბათუმში, თითქმის, სამი საათის განმავლობაში საცობში ვიყავი, ავტობუსით ვმგზავრობდით, გაუსაძლისი გახდა გადაადგილება, ბავშვები ბაღიდან და სკოლიდან გამოსული, სახლში ვერ ბრუნდებოდნენ”,- ამბობენ მოქალაქეები.
თავის მხრივ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათივე ცნობით, პრობლემურ ლოკაციებზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც იმყოფება.
“ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები. ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, იწმინდება ჭები და ცხაურები, ასევე ზღვაში გამსვლელი არხები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.