აუდიტმა აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია აღმასრულებლისა და აღსრულების პოლიციელის კვალიფიკაციის გამოწვევებზე.
აუდიტი წერს, რომ სააღსრულებო წარმოების ეფექტიანობა არსებითად არის დამოკიდებული აღმასრულებელთა კვალიფიკაციაზე. პოლიციელების შემთხვევაში კი, მინიმალურ მოთხოვნად განსაზღვრულია სრული ზოგადი განათლება, რაც რისკის შემცველია.
დოკუმენტის თანახმად, ბიურო კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ატარებს სხვადასხვა ტრენინგს, მაგრამ ბიუროს მიერ ჩატარებული ტრენინგები სრულად ვერ ფარავს კარგი პრაქტიკით გათვალისწინებულ თემატიკას, ასევე უზრუნველყოფილი არ არის ყველა თანამშრომლის ჩართულობა თითოეულ ტრენინგში. ტრენინგებს არ აქვს განგრძობადი ხასიათი მნიშვნელოვანია, თანაბარი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში ბიურომ უზრუნველყოს თანაბარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების პოლიციელის იურისდიქციის ქვეშ, გამოსახლების და დემონტაჟის ტიპის საქმეების გარდა, ასევე ექცევა ყველა აღსასრულებელი აქტი, რითაც უფლებრივად აღმასრულებელს უთანაბრდება.
აღმასრულებლისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნად დადგენილია უმაღლესი იურიდიული განათლება, თუმცა აღსრულების პოლიციელების შემთხვევაში, მინიმალურ მოთხოვნად განსაზღვრულია სრული ზოგადი განათლება, რაც რისკის შემცველია.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არსებული ინფორმაციით, აღმასრულებლები არ გადიან განგრძობადი განათლების შემადგენელ მოდულებს. შედეგად, ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებს გააჩნიათ განსხვავებული მიდგომები, რიგ სააღსრულებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
რეკომენდაცია: ბიურომ, აღსრულების მაღალკვალიფიციურად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს განგრძობადი განათლების სისტემის დანერგვა და თანამშრომლებისათვის კარგი პრაქტიკით გათვალისწინებულ მოდულებში სავალდებულო სწავლების ჩატარება.
ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია აღსრულების შესახებ არსებული რეკომენდაციის უკეთესი დანერგვისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში უთითებს, რომ აღმასრულებლები უნდა გადიოდნენ სავალდებულო განგრძობად ტრენინგებს.
განგრძობადი ტრენინგები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
• აღსრულების პრინციპები;
• პროფესიული ქცევა და ეთიკა;
• ეტაპები აღსრულების პროცესში;
• აღსრულების ღონისძიებების მიზანშეწონილობა, ორგანიზება და განხორციელება;
• საკანონმდებლო ბაზა;
• როლური და პრაქტიკული სავარჯიშოები, საჭიროებისამებრ;
• სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სხვა აღსასრულებელი აქტების საერთაშორისო
აღსრულება;
• მსმენელთა ცოდნის შეფასება.