არ არის აუცილებელი, რუსული დროშები იყოს რუსთაველზე. რუსეთი რუსული მიდგომებია – რესან ქიქავა

„ჩვენ რეალურად სულ რამდენიმე მოდელი გვაქვს, როგორც სახელმწიფო მოწყობის, ასევე ბიზნესის, და ისინი ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ბიზნესი განყენებულად არ არსებობს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა რესან ქიქავამ BMG tv-ის გადაცემაში „საქმის კურსი“.
რესან ქიქავას თქმით, საქართველოს წარმატებისთვის ახალი ფორმულების გამოგონება საჭირო არ არის, რადგან წარმატების მოდელები უკვე არსებობს და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანამ კონკრეტული არჩევანი უნდა გააკეთოს.
„საქართველო რომ იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა, ამას ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება. უკვე არსებობს ფორმულებით გამოცდილი პრაქტიკა. ვიცით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ვიცით, რა მიმართულებით შეგვიძლია ამ უპირატესობის გამოყენება. ახლა, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. პოლიტიკური ნება კი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული“, – ამბობს ქიქავა.
მისივე შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი ფაქტობრივად რუსეთზეა ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებებში ხშირად აღმოსავლურ მიმართულებაზე საუბრობს ხელისუფლება.
„ბოლო დროს, გასაგებია, რომ ჩვენი ორიენტირი ა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთზეა ბევრი საუბარი, ყველას გვესმის, რომ რუსეთია ყველაზე მძლავრი მოთამაშე, რომლისთვისაც ჩვენ ყველაზე საინტერესო ვართ. ამ პირობებში გასაგებია, რომ ბიზნესიც ამ კურსს მიჰყვება და ჩვენ, სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა ქიქავამ.
მისი თქმით, ეს კურსი სუვერენიტეტის დაკარგვისკენ მიმავალი გზაა და ამისთვის აუცილებელი არ არის, რომ სახელმწიფო ღიად ეზიარებოდეს რუსულ პოლიტიკას – საკმარისია პრაქტიკაში, მათ შორის ეკონომიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში, იმეორებდეს რუსეთის მმართველობით მოდელს.
„არ არის აუცილებელი, რუსული დროშებით ვირბინოთ რუსთაველზე. როცა ქვეყნის შიგნით და გარეთ რუსულ პოლიტიკას ატარებ, ხარ რუსული სახელმწიფო. როცა ბიზნესს და საკადრო პოლიტიკას ისე უდგები, როგორც ჩვენ დღეს ვუდგებით, ეს არის რუსული სახელმწიფო. აქ, დამატებითი ნიშნები აღარ გვჭირდება“, – განაცხადა ქიქავამ.