“პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებას” | წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია სოციალურ ქსელში

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 2012-ში როგორ ყველა აღშფოთებული იყო იმ ძალადობებით, რაც მაშინ ხდებოდა, მაგრამ დღეს რატომღაც იმ ხალხს ვერ ვხედავ აღშფოთებულს იმ ძალადობაზე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება სჩადის. რატომ? მაშინდელი ხელჯოხი რეზინის იყო და დღევანდელი ბუმბულის არის? დღეს დალეწილ ახალგაზრდებს არ სტკივათ? და ძალიან მიკვირს, ის სასულიერო პირები, რომლებიც ხმას იმაღლებდნენ მაშინ, დღეს რატომ სდუმან. არ არის ეს ხელჯოხები ბუმბულის. ასევე, მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც გაბრიელ ბერმა დაწვა ლენინის სურათი კომუნისტური რეჟიმის დროს, ის ამის გამო დაიჭირეს. დღეს ელენე ხოშტარიამ კალაძის სურათს სიმართლე მიაწერა და ამის გამო დაიჭირეს. ხედავთ ალბათ მსგავსებას კომუნისტურ და დღევანდელ რეჟიმებს შორის, როგორი საერთო ხელწერა აქვთ.
ასევე, ყველას კარგად გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ, სამების ტაძარში ერთმა პიროვნებამ ხატს შეურაცხყოფა მიაყენა და მას ამის გამო, თუ ზუსტად მახსოვს, ჯარიმა გადაახდევინეს და გაათავისუფლეს და ელენე ხოშტარია კალაძის სურათზე წარწერის გამო პატიმრობაშია და კიდევ სასჯელი ემუქრება. ანუ, ამ ხალხისთვის ხატზე უფრო მნიშვნელოვანი კალაძის პორტრეტი აღმოჩნდა. კალაძის პორტრეტზე წარწერის გამო უფრო მეტად სჯიან ადამიანს, ვიდრე ხატის შეურაცხყოფის გამო. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ან ერთის, ან მეორეს გამო უნდა დაისაჯოს ადამიანი ხელისუფლების მხრიდან. პირიქით, თუ ის არ იყო დასასჯელი ვინც ხატი შეურაცხყო, მითუმეტეს კალაძის ბანდფორმირების ოფისზე წარწერის გამო ადამიანი პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს…
ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი, პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებასო. თუ არ ვცდები პლატონის ნათქვამია. ასე, რომ ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ასეთი ნაძირალა ხელისუფლება, ეს გარკვეულწილად იმ მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც დღეს პასიურად არიან. დღეს არ შეიძლება ვიყოთ პასიურები იმიტომ, რომ ჩვენს სამშობლოს დღეს თითოეული ჩვენგანი სჭირდება და ყველა ერთხმად, ვისაც შეუძლია საქმით, სიტყვით, უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად.
დღეს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე ეკლესიას შემოესია მგლების ხროვა… ივანიშვილმა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, თქვა ასეთი რამე, რომ ჩვენ პატრიარქის კრიტიკის არ უნდა მოგვერიდოსო. ეს იყო ეკლესიაზე თავდასხმა. ასევე ყველას კარგად გახსოვთ ის კრებსები, ჩანაწერები, სადაც უსმენდნენ ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით სამღვდელოებას. რა ჰქვია ამას, თუ არა ეკლესიაზე თავდასხმა, როცა უსმენ მრევლის მღვდელთან პირად საუბარს? და მერე ეს გამოგაქვს საჯაროდ. ასეთი ბოროტება არცერთ ხელისუფლებას კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, არ ჩაუდენია ეკლესიის მიმართ.
ღმერთი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და ღმერთმა მხნეობა მისცეს პატიმრებს…ის ვინც სიმართლის გამო, სამშობლოს გამო, მოყვასის გამო ციხეში ზის, ის ადამიანი ციხეშიც თავისუფალია. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, ოცნებას და მათ ჰგონიათ, რომ თავისუფლები არიან. არა, ისინი ყველაზე დიდ ტყვეობაში არიან. ისინი ტყვეობაში არიან უსამართლობის, მიწიერი სიმდიდრის და ისინი ტყვეობაში არიან რუსული ხელისუფლების.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვინდომოთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს ამ რუსული რეჟიმისგან. როგორც აღვნიშნეთ, პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებას” | განაცხადა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ დღევანდელ ქადაგებაზე