არმაზ ახვლედიანი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩაიჩეხა და ოპოზიცია ერთიანია, რათა პროცესის განბლოკვას შეუწყოს ხელი – ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია!

რეჟიმი მიზანმიმართულად ძარცვავს საქართველოს და ძარცვავს არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით, არამედ ჩვენს ხალხს გლეჯს უმთავრეს – კონსტიტუციურ, ფუნდამენტური უფლებებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩაიჩეხა და ოპოზიცია ერთიანია, რათა პროცესის განბლოკვას შეუწყოს ხელი.
„ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგა ქვეყანა, იმიტომ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია დადგა არა უბრალოდ ეჭვქვეშ, არამედ ჩაიჩეხა ეს პროცესი. ჩვენ ვართ ერთიანი იმიტომ, რომ პროცესის განბლოკვას შევუწყოთ ხელი. ჩვენ ამას მოვახერხებთ ქართველი ხალხის სახელით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება. ამისთვის ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე“, – განაცხადა ახვლედიანმა.