უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ელის, რომ წელს დაგეგმილზე ნაკლები ახალი დეველოპერული პროექტის მშენებლობა დაიწყება.
როგორც „არსის“ გენერალურმა დირექტორმა BMG-ს განუცხადა, ქვეყანაში არსებული არაპროგნოზირებადი გარემოს ფონზე, შესაძლოა, კომპანიების ნაწილმა პროექტები დროში გადაავადოს.
ბესო ორთოიძის თქმით, ახალი პროექტების გადავადებაზე გავლენა ასევე ექნება იმ გარემოებასაც, რომ ბანკებმა ბოლო პერიოდში ახალი დეველოპერული პროექტების დაფინანსება შეზღუდეს.
„მაინც არაპროგნოზირებად გარემოში ვართ, წელსაც არის არჩევნები, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კვლავ რჩება. იმის ფონზე, რომ ბანკებმა გარკვეულწილად შეამცირეს, შეზღუდეს პროექტების დაკრედიტება, შესაძლოა, მიწოდების შემცირება გვქონდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ვიღაცას შესაძლოა, ახალი პროექტის დაწყება უნდოდეს, მაგრამ საბანკო კრედიტის გარეშე ვერ დაიწყოს. ვიღაცამ შეიძლება ამ არასტაბილურ გარემოში ახალი პროექტების დაწყება ვერ გარისკოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უფრო ნაკლები პროექტები შეიძლება დაიწყოს, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, რადგან როგორც ვიცით, გასულ წლებში საკმაოდ მაღალი იყო გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში დეველოპერულ კომპანიებში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არაპროგნოზირებადი გარემოს ფონზე, კომერციულმა ბანკებმა ახალი დეველოპერული პროექტების დაფინანსება შეანელეს.
bm.ge
