არაბულ ბიზნესს საქართველოს მეშვეობით ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე წვდომა ეძლევა – გიორგი პერტაია

არაბულ ბიზნესს საქართველოს მეშვეობით ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე წვდომა ეძლევა – გიორგი პერტაია
საქართველოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელობას შორის თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრისას, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, დუბაის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ჰასსან ალ-ჰაშიმიმ, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ მიქელაძემ, მოადგილე ბორის ლეჟავასთან ერთად, ბიზნეს ფორუმის დეტალები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება, რომელსაც საქართველოსა და ემირატების წამყვანი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას.
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.
“შეთანხმება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არაბულ ბიზნესს საქართველოს მეშვეობით ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე წვდომა ეძლევა”,-განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ბიზნესების დაახლოების საკითხებსა და სავაჭრო პალატების როლზე ამ პროცესში.