ამ ეტაპზე მოლოდინი არ გვაქვს, რომ კომპანიები ხელფასების გაზრდას შეძლებენ – GDBA

კერძო სექტორის ნაწილის მოლოდინით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, უახლოეს მომავალში დასაქმებულებისთვის ანაზღაურების ზრდა ვერ მოხერხდება.
ეროვნული ბანკის ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თანახმად, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან.
როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, გასულ პერიოდში კადრების დეფიციტის ფონზე, სექტორში ხელფასები გაიზარდა. თუმცა ამ ეტაპზე გაუარესებული მოლოდინების და შენელებული აქტივობის ფონზე, უახლოეს პერიოდში ეს მოლოდინი აღარაა.
„ჩვენს სფეროში, მათ შორის ადგილობრივმა მწარმოებლებმა და სადისტრიბუციო კომპანიებმა გასულ თვეებში უკვე გაზარდეს ხელფასები იმის ფონზე, რომ ფიზიკურად შეუძლებელია კადრის შენარჩუნება. შესაბამისად, ანაზღაურება შეუსაბამეს დასაქმებულების მოთხოვნილებებს. თუმცა ამ ეტაპზე მოლოდინი არ გვაქვს, რომ ბიზნესი ხელფასების გაზრდას შეძლებს. ჩვენი წევრი კომპანიების მიერ მიღებული ინფორმაციით, მათ ეს უახლოეს პერიოდში არ აქვთ დაგეგმილი.
მიზეზი ის მოცემულობაა, რომ ბიზნესი ვერ ხედავს სტაბილურობას. შესაბამისად, აქტივობები შენელებულია და ბიზნესი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დამატებით გაზარდოს სახელფასო ფონდი”, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.