Auto Market Logistic-ის დამფუძნებლის დავით ბარამიძის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნისთვის დაწესებული სატარიფო პოლიტიკა, აშშ-ში ავტომობილების ფასის ზრდას გამოიწვევს. ეს კი ქართველ დილერებს ავტოიმპორტს გაუძვირებს. როგორც ბარამიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სავარაუდო მატება ამერიკიდან ჩამოყვანილ ავტომობილებზე 5%-ის ფარგლებში იქნება. მისივე თქმით, გავლენა დილერებისთვის უკვე შეინიშნება.
„ამერიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის ლიდერი ავტომობილების ექსპორტით ჩვენს ქვეყანაში. ტარიფები ამოქმედდება ნელ-ნელა, მაგრამ ამან უკვე იქონია გავლენა ფასებზე. ბოლო კვირებში იგრძნობა, რომ მანქანების ყიდვა გართულებულია. უკვე გაძვირდა, რა ფასადაც ადრე ყიდულობდნენ დილერები, დღეს იმ ფასებად უკვე უჭირთ პოვნა. როგორც კი ეს დაანონსდა იმ დროიდან იგრძნო ბაზარმა. ჩემი აზრით, პირველადი ეფექტი უფრო დიდი იქნება, მოგვიანებით ალბათ გადაწყობა მოხერხდება.
თუ ამერიკაში ავტომობილები თუ მათი ნაწილები ევროპიდან, ჩინეთიდან უნდა შესულიყო, ახლა ისინი აღარ შევა და ცოტა მანქანა დარჩება, რომლის ფასიც მოიმატებს. შედეგად, ახალი ავტომობილები უფრო ძვირი იქნება და ამერიკელი მომხმარებელი უფრო მეორად მანქანებზე გადავა. ანუ ადგილობრივებთან უფრო მეტად მოგვიწევს კონკურენციაში შესვლა. ავტომობილების ფასი ალბათ 5%-ით გაიზრდება – ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა რა იქნება ეფექტი – გამოჩნდება.
ახლა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ შანსი უფრო მეტად გააქტიურდნენ და ბაზრის მეტი წილი დაიკავონ, კარგი მომენტია, ამიტომ ამ მხრივაც გავლენა საინტერესო იქნება“, – აღნიშნა დავით ბარამიძემ.
ამერიკის პრეზიდენტმა გასულ კვირას თეთრი სახლიდან გვაცნობა, რომ საბაზო ტარიფების მიღმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფებს უწესებს.
სიაში საქართველოც მოხვდა 10%-იანი ტარიფით, ამასთან უკრაინაც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ამავე რაოდენობით, თუმცა, არ არის რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ბელარუსი. ამის მიზეზად კი ამ ქვეყნების მიმართ მოქმედი სანქციები სახელდება.
