ალექსანდრე კახა ლომაია: როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით

“აღდგომა და ხვალეო
პარიზი: პირველი შედეგები
როგორც ადრე ვივარაუდეთ, მოლაპარაკებები დაბრუნდა იქ და იმ ფორმატში, სადაც და როგორც უნდა დაწყებულიყო: ევროპაში და უკრაინის სრულფასოვანი მონაწილეობით.
სამთვიანი ქაოსური და არაკომპეტენტური ხეტიალის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ევროპელების დახმარებისა და უკრების მონაწილეობის გარეშე, ის პუტინთან ვერაფერს გახდებოდა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან.
სანამ მოლაპარაკებების შინაარსზე გადავიდოდეთ, მეორე კარგი სიახლეც აღვნიშნოთ – ამერიკულ დელეგაციაში რუბიოსთან და უიტკოფთან ერთად, სამართლიანად განწყობილი კელოგიც ვიხილეთ.
ახლა მოლაპარაკებების პირველ შედეგებზე. ელისეს სასახლემ პრესას გაანდო, რომ გაიმართა “მაღალი ხარისხის” დისკუსიები, განიხილეს “მტკიცე” მშვიდობის მიღწევისა და “უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის” მექანიზმები. ესეც პირველი შედეგი – ევროპელებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ ევროპის უსაფრთხოება განუყოფელია უკრაინის უსაფრთხოებისგან! ეს ბრწყინვალე შედეგია!
მეორე – შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სწორედ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში უნდა იქნას განხილული. კარგია. არა ფართხა-ფურთხით ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინელებისთვის ხელების გადაგრეხა, არამედ უსაფრთხოების საიმედო გარანტიების შექმნა.
მესამე – მოლაპარაკებების პროცესი ამ ფორმატში, ანუ ევროპელების და უკრაინელების მონაწილეობით, უნდა გაგრძელდეს. მომავალ კვირას, ლონდონში. მნიშვნელოვანია, ამ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით.
მეოთხე – “ამერიკელები მზად არიან უსაფრთხოების გარანტიების განხილვისთვის”, ანუ ამერიკელები დათანხმდნენ განიხილონ ში ევროპული სამხედრო მისიის მხარდაჭერის საკითხი. ესეც მნიშვნელოვანი ამბავია. ამერიკული გარანტიებით – მაგალითად სამხედრო მისიის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვით – მისიაში კიდევ უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება.
მეხუთე – უსაფრთხოების გარანტიების მიზანია “უკრაინამ შეძლოს ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა რუსეთთან მოლაპარაკებებში”. ესეც კარგია, გააძლიერე უკრაინა რუსებთან პირისპირ სასაუბროდ.
ერთი დღისთვის ცოტა არაა.
დღესვე იტალიის პრემიერ-მინისტრთან, უკრაინის დიდ მხარდამჭერთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როდის ელოდება პუტინის პასუხს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, ტრამპმა უპასუხა, ამ კვირის ბოლომდეო.
როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 2009–2013 წლებში, ალექსანდრე კახა ლომაია.