პირადად პუტინისგან ვიცი – ომი კიდევ 10 წელი გაგრძელდება. ყველა რუსი ვინც წინააღმდეგი იქნება ძვირს გადაიხდის, მათ შორის სისხლით –
ეს განცხადება ეკუთვნის ალექსანდრე დუგინს, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც თანამედროვე რუსული ფაშისტური იდეოლოგიის მამას. მისი გავლენა პირადად ვლადიმერ პუტინზე და რუსეთის თანამედროვე აგრესიულ პოლიტიკაზე განუზომელია.
დუგინის ეს ციტატა კი გაავრცელა ტელეგრამ-არხმა Кремлевская табакерка. საინტერესოა, რომ მისი ლინკი ითარგმნება როგორც „კრემლის საიდუმლოებები (t.me/kremlin_secrets). დამკვიდრებული აზრით, ეს არხი მართლაც ძალზედ დაახლოებულია კრემლთან. Кремлевская табакерка ამტკიცებს, რომ ამ განცხადების გასავრცელებლად ტელეგრამ-არხს დუგინი პირადად დაუკავშირდა.
რაც შეეხება დუგინის განცხადებას მისი ციტატა ასე ჟღერს:
„პოლიტკისოები ამას არ იტყვიან, მათ დიპლომატიური თამაშები აქვთ. მე კი ზუსტად ვიცი, შეიძლება ითქვას პირადად პრეზიდენტ პუტინისაგან – ომი გაგრძელდება კიდევ მინიმუმ 10 წელი, შესაძლოა 12-15 წელიც კი. სხვა ვარიანტები არ არსებობს“ – აცხადებს დუგინი.
აქვე დუგინი აფრთხილებს და ემუქრება ომის წინააღმდეგ განწყობილ რუსებს. „მათ შორის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენებს და გავლენიან პოლიტიკოსებს“, მათ „უარი უნდა თქვან თავიან ანტისაომარ განწყობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიხდიან ძვირს, შესაძლოა სისხლითაც კი. შინაგანი განწმენდა აუცილებელი პირობაა გამარჯვებისთვის“ – აცხადებს დუგინი.
რუსი იდეოლოგის ეს კომენტარი მოჰყვა The Economist-ის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ „რუსულ ბიზნეს-ელიტას ესმის, რომ ეს უაზრო ომი დროა დამთავრდეს“.
როგორც The Economist-ს მსხვილი რუსული ბიზნესის წარმომადგენელმა განუცხადა, „ყველას მიუფურთხებია რითი დამთავრდება ეს ომი, ოღონდ დამთავრდეს. პუტინს შეუძლია ყველაფერი შეფუთოს როგორც გამარჯვება“.
აქვე მოყვანილია სოცილოგიური კვლევების შედეგები, რომელთა თანახმადაც რუსების 70% თვლის, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე უკვე მიაღწია წარმატებას. იმავე მონაცემებით, რუსების 60% მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
სწორედ ამ სტატიის საპასუხოდ დაუკავშირდა ალექსანდრ დუგინი Кремлевская табакерка-ს.