სერია A-ს მე-18 ტურში, “ნაპოლიმ” “მონცას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. იტალიური მედია ქართველის თამაშს დადებითად გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ შეფასებებს:
“პერეირა აიძულა, რომ უხეშად ეთამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაერღვია, რასპადორის პასის შემდეგ დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც მეტოქეს ატყუებდა” – Tuttonapoli
“პარტენოპეის” რიგებიდან ყველაზე სახიფათო იყო, “მონცას” მცველები რამდენჯერმე პანიკაში ჩააგდო, თანაგუნდელებიც შესანიშნავი პასებით მოამარაგა, სამწუხაროა, რომ მომენტები გამოუყენებელი დარჩა” – Calcionapoli1926
“აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია, თუმცა გადამწყვეტ
მომენტებში მკვლელის ინსტინტქი აკლია. ქართველმა სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს, თუ წარმატების მიღწევა სურს. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველაზე მონდომებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა” – Eurosport-ი
“ძალიან ბევრს ეცადა, რათა მეტოქესთან განსხვავება შეექმნა. თუმცა ამჯერად არ გამოვიდა…” – Tuttomercatoweb-ი
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, “პარტენოპეი” მორიგ მატჩს 7 იანვარს, “ტორინოს” წინააღმდეგ გამართავს.