“სან-პაულოს” ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა ჟურნალისტებთან კატარში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი “ალ რაიანის” ღირსებას 2021/2022 წლების სეზონში იცავდა.
ხამესის თქმით, კატარში ახალ წესებთან შეგუება ძალიან გაუჭირდა და ამ ქვეყნის თავისებურებებთან ადაპტირება ვერ მოახერხა.
“კატარში ცხოვრება ურთულესია. დამიჯერეთ, იქ ადაპტაციის გავლა ძალიან გამიჭირდა. მატჩის შემდეგ საშხაპეში თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ იქ შიშველი ყოფნა არ შეიძლებოდა. ამან შოკში ჩამაგდო.
იქ ყველა ხელით მიირთმევს, ამასთან შეგუება გამიჭირდა. დანა-ჩანგალი მოვითხოვე, თუმცა ხელით ჭამა მაიძულეს, რაზეც ვუთხარი, რომ გიჟები იყვნენ და ამის გაკეთებას არ ვაპირებდი. სიმართლე
გითხრათ, მათი კერძის მირთმევაზე უარიც ვთქვი. აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში”, – გაიხსენა ხამეს როდრიგესმა.
შეგახსენებთ, “ალ რაიანის” დატოვების შემდეგ ხამეს როდრიგესი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა. ერთ დროს “ოქროს ბიჭუნად” წოდებული კოლუმბიელი ახლა ბურთს ბრაზილიაში აგორებს.