აზერბაიჯანული „პაშა დეველოპმენტი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სასტუმროს, ბანკის ოფისს და კაფეს აშენებს

სასტუმრო, ბანკის ოფისი და კაფე – ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსის შემადგენელი პროექტები, რომელსაც „პაშა დეველოპმენტ ჯორჯია“, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დ. აბაშიძის ქუჩაზე აშენებს.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპლექსი 3 ბლოკს მოიცავს, პირველი – 5 სართულიანი ბანკის შენობაა, მეორე – 152 ნომრიანი სასტუმრო, ხოლო მესამე კაფე. კალენდარული გეგმის მიხედვით მშენებლობა დაწყებიდან 26 თვეში ანუ 2026 წელს უნდა დასრულდეს. კომპლექსის მთავარი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.
„მოცემული საპროექტო დავალება მოიცავს ბანკის, სასტუმროს და კაფეს კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ქ თბილისი, დ. აბაშიძის ქუჩაზე. მრავალფუნქციური კომპლექსი შედგება 3 ბლოკისგან ბლოკი ა (ბანკის ნაწილი), ბლოკი ბ (სასტუმროს ნაწილი) და ბლოკი გ (კაფე). ბანკის შენობა არის 5 სართულიანი, სასტუმროს ნაწილი – 8 სართული, ხოლო კაფე 1 სართული. შენობების ფასადები არის სრულიად შემინული.
სასტუმროში განთავსდება 152 ნომერი, რომლებიც განაწილებულია სართულებზე 2,3,4,5,6,7 და 8. კომპლექსს გააჩნია მიწის ქვეშ 2 სართული. სასტუმროს ნაწილის პირველ სართულზე განთავსებულია შემოსასვლელი ლობი, ბარი, ლაუნჯი, რესტორანი და კვებასთან დაკავშირებული სივრცეები, როგორიც არის: სამზარეულო, საწყობი და ა.შ.
ბანკის ნაწილის 1,2,3 და 4 სართულებზე განთავსებულია საოფისე სივრცეები, როგორც ღია სამუშაო სივრცეები აგრეთვე დახურული ოთახები. ხოლო მე-5 სართულზე არის საკონფერენციო სივრცე, ტერასა და პერსონალის სამზარეულო,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, შპს „პაშა დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორი ელმირ ჰუსეინოვია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანული „ფაშა დეველოპმენტი“.