ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა:
„პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართა, კონკრეტულად, ნინო დათაშვილის შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის საკითხის გამორკვევა ყოველგვარი კრიტერიუმის და საფუძვლის არსებობის გარეშე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა, რადგანაც მას არ ჰქონდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ, რა პროცესი განიხილებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი ექსპერტიზის ჩატარებაზე წინააღმდეგი იქნება, გამოყენებული იქნება იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა“.
თამარ გაბოძის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა პროკურატურას, რომლებშიც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მძიმე დიაგნოზი: ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი, თანმხლებ სიმპტომად კი მითითებულია ემოციური ლაბილობა.
„ხერხემლის ამ დაზიანებიდან გამომდინარე ნინოს 2019 წელს აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი. ეს არის სიმპტომი, რომელიც თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და, რომელიც პროკურატურისთვის ცნობილი იყო პირველი წარდგენის პროცესიდან . თუმცა მომდევნო ორი თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი ზომები არ მიუღია. ახლა კი, როდესაც ფაქტობრივად დასრულდა გამოძიება, როდესაც წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურას ევალებოდა უფრო მაღალი სტანდარტით დაემტკიცებინა და დაედასტურებინა ნინო დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა, მან მიმართა ასეთ ხერხს, უკანონოდ მოითხოვა ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს პატიმრობა გაახანგრძლივა უკანონოდ, ამჯერად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, – ამბობს თამარ გაბოძე.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ნინო დათაშვილის დისკრედიტაცია, მის სტიგმატიზაციას, რადგან, მისი თქმით, საქართველოში ფსიქიატრია სტიგმატიზებულია:
„მათი მიზანია, ნინო საბოლოოდ ჩამოაშორონ აქტივიზმს, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია და უხეშად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოამწყვდიონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უფლებადამცველის მიმართ, ვინც გაბედავს რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, შეიძლება გამოიყენონ ეს ვერაგული და უკიდურესად უკანონო ხერხი“.
ნინო დათაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, მათივე შენიშვნით, არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაცვის მხარემ აქამდე გაასაჩივრა ნინო დათაშვილთან დაკავშირებით, არ იქნა დაკმაყოფილებული.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
