ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გულორდავას თქმით, რუსეთში მყოფი ბიზნესმენისგან არანაირი თანხა არ აუღია. მისივე განცხადებით, ის აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა სიმართლე დადგინდეს.

„თანხაზე რასაც მეუბნებით, გეუბნებით -არას, მკაფიოდ და გასაგებად. არავის ანგარიშზე არ ჩარიცხულა, ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ ჩემთვის იყო ის თანხა განკუთვნილი და ვიღაცას თუ გადაურიცხა, მე არ ვიცი“,-განაცხადა გულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. დღეს კი უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა.