ზოიძე: სპეცოპერაციის ამ ფორმას ნეგატიური გავლენა ჰქონდა თბილისის, როგორც საკლუბო ცენტრის იმიჯზე

სპეცოპერაციის ამ ფორმას ნეგატიური გავლენა ჰქონდა, თბილისის, როგორც საკლუბო ცენტრის იმიჯზე,- bm.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა.

„ის, რომ დააკავეს 8 ნარკორეალიზატორი ამას მხოლოდ მივესალმები, ისევე როგორც შს სამინისტროს მიერ გააქტიურებულ ბრძოლას ნარკორელაიზაციასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით არცერთ პარლამენტარს არ უნდა ჰქონდეს კითხვები.

რაც შეეხება ფორმას, რამდენად აუცილებელი იყო სპეცოპერაციის ფორმით ამის ჩატარება, შს სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღეკვეთათ ამ საშინელი ნივთიერებების გავრცელება. მაგამ მე მაინც მეტი დეტალი დამჭირდებოდა, რომ დავრწმუნდე, რომ პოზიტიური შედეგი, რასაც ვიღებთ ნარკორეალიზატორების დაკავებით, რეალურად გადაწონის ნეგატიურ შედეგს, რაც მივიღეთ უკვე: უამრავ ახალგაზრდას პროტესტის შეგრძნება გაუჩნდა, დაუცველობის შეგრძნება გაუჩნდა. აქ საუბარი არ არის ახალგაზრდობის მარგინალურ ნაწილზე, აქ არის საუბარი ჯანსაღ ახალგაზრდებზე, მშრომელ ახალგაზრდებზე, რომლებსაც დამსახურებული დასვენება ეკუთვნით; ასევე საუბარია ჩვენს სტუმრებზე და ზოგადად იმიჯზე, რასაც ჰქვია საკლუბო ცხოვრება, ელექტრონული მუსიკა. თბილისი იქცა საკლუბო ცხოვრების ცენტრად, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში, ეს არის მზარდი და პერსპექტიული მიმართულება – ამ თემებზე ამას(სპეცოპერაციას) ნეგატიური გავლენა ჰქონდა. ვისურვებდი, რომ სამომავლოდ ასეთი რამ არ განმეორდეს“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

">