ზაზა გაბუნია ოპოზიციას: სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან ხატავთ რაღაც საშინელ სურათს

„მე ყურადღებით გისმენდით, ვუსმენდი ოპოზიციას  და დღევანდელი განხილვებიდან გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უბრალოდ დაიკარგა ბიუჯეტში. იმიტომ, რომ თქვენ არ საუბრობთ მთავარზე, თქვენ არ საუბრობთ ბიუჯეტზე, თქვენ აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, მაგრამ აქ არსად არ ჩანს ბიუჯეტი და თითქოს, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან ხატავთ რაღაც საშინელ სურათს, თითქოს არის ქვეყანა, საიდანაც გამოსავლის გზებს გვთავაზობთ, ფილანტროპიული მოწადინებით და აღტკინებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იგივეს, სრულ სიცარიელეს, სრულ ლუფტს და სრულიად არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ რომ თვალი გაუსწოროთ ამ რეალობას, ის სურათი, რომელსაც ხატავთ, არის აბსოლუტურად უადგილო რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავდნენ.

გაბუნიას თქმით, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ბიუჯეტზე საუბრისას ძალიან ვულგარული შეფასებები ჰქონდა და ეს შეფასებები ძალიან შორს იყო საბიუჯეტო საკითხებისაგან.

“ოპოზიციას, როგორც ჩანს, არ მოსწონს ის, რომ მოქალაქეს აღარ სჭირდება პარტიული ბილეთი იმისათვის, რომ მიიღოს წამალი და მე მინახავს ფურცელი, სადაც საჭირო იყო წინა მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელმოწერა და საარჩევნო უბნის ადმინისტრაციის ხელმოწერა იმისათვის, რომ ადამიანს ესარგებლა მუნიციპალური სერვისებით.

ან შეიძლება ოპოზიციას არ მოსწონს ის, რომ შენდება აეროპორტები, გზები, ხიდები, ესტაკადები, ხდება წლების განმავლობაში დავიწყებული სოფლების და შესაბამისად, იქ მცხოვრები ადამიანების და მათი დასახლებების გაზიფიცირება და მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ოპოზიციას არც ის ესიამოვნება, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და სხვათა შორის, ამის დასტურად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა და უამრავი სხვა ინდიკატორი ამ ჩემი სიტყვების გასამყარებლად, მათ შორის ის საკრედიტო რეიტინგები, რომელზეც იყო ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მაგრამ, რამდენადაც ვულგარულად უნდა გამოიყურებოდეს ოპოზიცია თავის შეფასებებში, თავის ქმედებებში, ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია, იხელმძღვანელოს იმ ამოცანებით რაც აქვს სახელმწიფოს.

ამიტომ ხელისუფლება დაკავებულია საქმის კეთებით და ამ საქმეების შედეგები არის სახეზე. თქვენს თვალწინაა, ქალბატონებო და ბატონებო, მაგალითად ის, რომ ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკაში გენერირებულმა შემოსავლებმა შეადგინა და გადააჭარბა 2 მილიარდნახევარ დოლარს. ქვეყნის ხელისუფლების გაკეთებული  საქმის შედეგი გახლავთ ის, რომ პირველ სამ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს მილიარდ 300 მილიონს, ხვდებით ხომ რას ნიშნავს ისტორიული მაქსიმუმი, იმას, რომ არცერთ სხვა ხელისუფლებას, მათ შორის არც თქვენსას, ასეთი მიღწევა  არ ჰქონია.

ამ შრომის შედეგია ის რომ წარმატებით განხორციელებული საგადასახადო რეფორმა გვაქვს, ამავე მიდგომის შედეგია ის, რომ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით საქართველო გაუთანაბრდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს”- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვერც მთავრობას და ვერც საპარლამენტო უმრავლესობას ვერ გვექნება თვითკმაყოფილება მიღწეულით. როგორც გაბუნიამ განაცხადა. არის მთელი რიგი საკითხები. რასაც  მეტი საბიუჯეტო ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ კარგი გახდეს საუკეთესო.

“ჩვენ მადლობას ვეუბნებით ყველა მინისტრს გაწეული სამუშაოსათვის და მათგან ველით კიდევ უფრო მეტ და უფრო მზარდ შედეგებს მომდევნო საბიუჯეტო წელს.

მადლობა მინდა, ვუთხრა ფინანსთა მინისტრს სრულფასოვანი პრეზენტაციისთვის და არა მარტო ბიუჯეტის შესახებ სრულფასოვნად წარმოდგენილი ხედვისთვის, არამედ დღეს მან წარმოადგინა საფინანსო და ეკონომიკური მიმართულების რეფორმების ხედვაც. ვფიქრობ, მოსახლეობამ დაინახა რამდენად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას იმ რესურსების მიმართ, რომელიც აქვს სახელმწიფოს.

2018 წლის ბიუჯეტი ეფუძნება სამ ძირითად კრიტერიუმს, ეს გახლავთ ის, რომ ბიუჯეტში კარგად ჩანს პროგრამების საჭიროებები, სწორად არის განსაზღვრული პრიორიტეტები, გამოკვეთილია ფართო მიზნები და ამოცანები, რის შედეგად საქართველოს ექნება საუკუნის პროექტი ანაკლიის პორტის სახით, რითიც ამაღლდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და გაიზრდება საქართველოს როლი რეგიონში. საქართველოს ექნება ახალი გზების, ხიდების და ესტაკადების და ზოგადად ინფარსტრუქტურის მასშტაბური პროექტები. შედეგად გვექნება ულტრათანამედროვე საგზაო-საკომუნიკაციო სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესია ბევრი მიმართულებით და ამას თქვენც ხვდებით კარგად, უბრალოდ ამას არ ახსენებთ არც თქვენს გამოსვლაში არც არსად, სადაც შეიძლება საჯარო სივრცე იყოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ ამით იზრდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა.

ჯანდაცვის პროგრამები, აი, როცა თვითკმაყოფილებაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ერთერთი მთავარი, რაშიც ვთანხმდებით ყველანი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ეს არის წარმატებული რეფორმა, მაგრამ ის რომ არა გვაქვს თვითკმაყოფილება, ამიტომაც გრძელდება ამ რეფორმის დახვეწა, გაძლიერება იმისთვის, რომ რეფორმამ მოიცვას გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი, ვიდრე აქამდე.

მოხდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეაბილიტაცია, 24- საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება 360 ათასი მოქალაქე, კიდევ უფრო გაძლიერდება მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტთან წვდომა, ქვეყნის რეგიონების დაბალანსებული, ეკონომიკური განვითარებისთვის და მათი ზრდის შემდგომი ხელშეწყობისთვის 18 -20 წლების განვითარების პროგრამა შემუშავდება და ეს ყველაფერი ბევრ სხვა საკითხთან ერთად წერია ბიუჯეტში. თქვენ რომ წაგეკითხათ ეს დოკუმენტი, და რომ არ ჩაკარგულიყავით ნიუანსებში, რომლითაც ახლა თქვენ აპელირებდით და აქცენტირებდით, ამ სიკეთეებს ნახავდით და დაინახავდით.

ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივებს, მათ შორის ბოლოს დასახელებული პროგრამის შემუშავებას,  რადგან ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო რეგიონების გასაძლიერებლად და იქ ცხოვრების დონის ასამაღლებლად და იმედი გვაქვს, რომ ამ თვალსაზრისითაც იქნება ძალიან მაღლი დინამიკა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ წარმოდგენილ ბიუჯეტს, რადგან ეს არ გახლავთ დოკუმენტი, რომელიც შემოსავლების და გასავლების ბალანსია, არამედ ეს არის დოკუმენტი, რომელშიც არის არა მხოლოდ მომავალი წლის პოლიტიკა, ეს ძალიან ცოტა იქნებოდა, რადგან მხოლოდ ერთი კალენდარული წლის ხედვას არ ველით ჩვენ ბიუჯეტიდან, არამედ ჩანს ის ფუნდამენტური ხედვის განხორციელების შესაძლებლობა, იმ საჭირო, ძალიან ამბიციური პროექტების შესრულების ძალა, რომელიც მომდევნო წლების მანძილზე უნდა მოხდეს ოთხპუნქტიანი გეგმის თანახმად და ფარგლებში”- განაცხადა ზაზა გაბუნია

">