ზაზა გაბუნია: „მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და ვზრდით მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას”

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში იქნება სიახლეებიც.

„ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სიახლეებიც და მომავალი წლიდან გაიზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია, ისევე როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებთა პენსია. ვზრდით ზოგადად მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი თქმით, დოკუმენტი დაფუძნებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. „პარამეტრების კუთხით, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება იმ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის შეთანხმდა და გაფორმდა 2017 წლის აპრილში და გრძელდება 2020 წლის აპრილამდე. აღნიშნულმა დოკუმენტმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა საკმაოდ დიდი რესურსები მოგვეზიდა დონორებისგან, როგორც სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ მხრივ დაფინანსების სრული პაკეტი თითქმის უკვე შეკრულია და გვაქვს”, -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პროგრამა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: მიმდინარე ხარჯების შემცირებაზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებაზე და თავისუფალი რესურსის მიმართვაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2019 წლის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მილიარდ ლარს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წელს განსაზღვრულია 3,5%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 3,0%-ის ოდენობით.

">