“ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ საკუთარი ინტერესი, ამბიციები“

„როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ საკუთარი ინტერესი, ამბიციები,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ხვალ დაგეგმილ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ხვალ სხდომაზე გახდება ცნობილი.

ე.წ. ახლების გუნდის წევრები, რომელთაც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ 10 კაციან სიასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუხატავთ, ამბობენ, რომ ხვალ უმრავლესობის შეხვედრაზე რაიმე რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდებიან.

„თითოეული პოლიტიკოსის ვალდებულება უნდა იყოს და ასევე საზოგადოების ინტერესი, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ საკუთარი ინტერესი, ამბიციები, ემოციები და საღი გონებით მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც წაადგება ქვეყანას და რაც იქნება საზოგადოების ინტერესში,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი არ დამდგარა და მიიჩნევს, რომ ამის არც საჭიროება არსებობს.

„მმართველ გუნდში ხშირად არის როცა აზრთა სხვადასხვაობაა, არის სხვადასხვა პოზიცია, არის კითხვები, არის პასუხები. ასე რომ, ეს იქნება აბსოლუტურად სამუშაო ფორმატში საშუალება იმისა, რომ ყველამ თავისი არგუმენტი წარმოადგინოს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

">