ხუნდაძე ოქუაშვილზე: საკუთარი ვალი რომ არ გადაიხადოს, ამისთვის ჩირქს სცხებს ადამიანებს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ უნტერვის და ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გამოეხმუარა. დიმიტრი ხუნდაძე ოქუაშვილის ბრალდებებს სასაცილოს და აბსურდულს უწოდებს.

„ეს სასაცილოა, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა მუშაობდეს და დეტალები უნდა დაადგინოს. ვფიქრობ, ასეც იქნება, ძალიან მალე ფარდა აეხდება ყველაფერს, მაგრამ სასაცილოა, როცა ამხელა ქველმოქმედს მილიარდები აქვს დახარჯული არამხოლოდ სახელმწიფოსათვის, არამედ ადამიანებისთვის, რომელსაც საერთოდ არც იცნობდა და მას სდებენ ბრალს, რომ ის ვიღაცას სთხოვდა ოთხ მილიონს, ეს არის უბრალოდ სასაცილო და აბსურდული.

სისულელეზე რეაქცია, ვფიქრობ, ღიმილისმომგვრელია, მაგრამ დეტალები, რაც მოითხოვს პროკურატურის ჩარევას და საკითხების გარკვევას, აქ პროკურატურა უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ჩანაწერების ავთენტურობა – ის, თუ ვინ ვის დებს ბრალს, ეს არის პროკურატურის განსახილველი ნაწილი. ვუსმინე ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს და ვუსმინე იმასაც, რომ მხარს უჭერს მოძალადეებს და ამისთვის იყენებს ყველა სიბინძურეს. საკუთარი ვალი გადასახდელი აქვს და რომ არ გადაიხადოს, ამისთვის ჩირქს სცხებს ადამიანებს, რომლსაც თეორიულად არ შეიძლება რომ ამასთან საერთო ჰქონდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. როგორც ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა, მას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ოთხი მილიონის გადახდა მოსთხოვა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნეს სფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც, მისივე თქმით, ივანიშვილი ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს გიორგი გახარიას აქტიურად იყენებს.

 

 

">