ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ შესაძლოა, საპატიმრო დატოვოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სხდომაზე ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, აუდიოჩანაწერებს, რომელიც საქმის მნიშვნელოვან გარემოებებს შეეხება.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ექსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურება. დაცვის მხარის განმარტებით, დარჩენილ დროში, საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევას ვერ შეძლებენ, შესაბამისად, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ არასრულწლოვანს საპატიმროს დატოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

წყარო: ipn.ge

">