ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო. პროკურატურამ სხდომაზე მოწმეების წარდგენა ვერ მოახერხა. პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, დღეს უნდა დაკითხულიყო ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვანი და მეორე არასრულწლოვნის ბიძა. მოწმეთა სიაშია მ.კ., რომელიც პროკურატურას ჯერ არ დაუბარებია.

„დღეს ბრალდების მხარეს სურდა დაეკითხა მოწმე ივანე ნაკაიძე, თუმცა ის არ გამოცხადდა პროცესზე, ჩვენ ასევე გვსურდა დაგვეკითხა გ.ბ. მოწმის სახით, თუმცა მოგეხსენებათ, ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანია და ამ შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო დაკითხვა. კანონიერ წარმომადგენელს ჰქონდა პირადი პრობლემები და ვერ მოახერხა“,-განაცხადა ქობულაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის მ.კ., მისი ძმა, მათი მამა, თენგიზ კალანდია და მათთან ერთად კიდევ ორი პირი პასუხისგებაში 3 დეკემბერს მისცეს. თენგიზ კალანდიასა და მისი ორი მეზობლის მიმართ გამოყენებული იყო საპატიმრო ღონისძიება და დაახლოებით ერთი თვის წინ ისინი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ჰქონდათ ცნობა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და ერთ-ერთ მსჯავრდებულ არასრულწლოვანს მიმალვაში დაეხმარნენ.

 

/</a></iframe>