„ხელისუფლება საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა“

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით საჯარო მოხელეებს აიძულებენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ სიები წარმოადგინონ.

„უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით,“ – აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძეს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაც მოჰყავს. სადაც ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასიური ხასიათისაა.

„პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და ურეკავენ საჯარო მოხელეებს ტექსტით: თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან მართვის მოწმობა გაქვთ ჩამორთმეული და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის მხარდამჭერ სიას ასეთ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მართვის მოწმობა ან გაგიუქმებთ ჯარიმას.

ეს არის ტოტალური უკანონობა. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც დაურეკავენ და შესთავაზებენ ჯარიმის გაუქმებას მიმართონ გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშიას“.

/</a></iframe>