„ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობას დუმდა და დღეს გვთავაზობს ძალიან არადამაჯერებელ ვერსიას“

პანკისის ხეობაში  ჩატარებულ სპეცოპერაციას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ დღეს შემოგვთავაზა ძალიან არადამაჯერებელი ვერსია.

ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობას დუმდა და დღეს გვთავაზობს ძალიან არადამაჯერებელ ვერსიას, რომ თურმე ორმა-სამმა რიგითმა პანკისელმა მათ შეუწყო ხელი საქართველოში შემოსვლაში, შემდგომ თბილისში ჩამოღწევაში და შეიარაღების მოპოვებაში. ვარაუდი არსებობს და ალბათობა იმისა, რომ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას ჰყავდა ძალიან მაღალ რანგში, ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლებში ხელისუფლების მფარველი და შესაბამისად საზოგადოება ელოდება ამ კითხვებზე პასუხს“,-განაცხადა ბიბილაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში,  დუისსა და ომალოში  დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.  დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

">