„ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის” – პროკურატურა “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრობს

ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის,“- ეს განცხადება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გააკეთა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,  საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, კონკრეტულად კი კომპანია „სამგორი M-სა” და „სამგორი თრეიდის“ მიერ „თიბისი ბანკიდან“ აღებულ 17 მილიონიან სესხს. გამოძიება კი გასული წლის აგვისტოში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. პროკურატურაში განმარტავენ, რომ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ, რომ დაკითხულები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი.

„ინფორმაცია მოწოდებული იქნა 2018 წლის ივლისში, ზაფხულში, ორ დღეში დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მხოლოდ ფინანსური მონიტორინგის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დაიკითხა შემხებლობაში მყოფ ყველა პირი, პირების გარკვეული ნაწილი გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაიკითხება. მამუკა ხაზარაძე და ბადი ჯაფარიძე, გიდასტურებთ, რომ დაიკითხნენ. ავთანდილ წერეთელიც დაკითხულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება – არდაწყების საკითხი,“- განაცხადა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის, სალომე ჩიქობავას თქმით, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა “თიბისი ბანკისგან“ დაჩქარებული წესით მიიღეს 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. პროკურატურის ცნობით, კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამავე კომპანიებიდან ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც “თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.

უწყების ინფორმაციით, „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M”-ს ვალი.

">