ჭელიძე: „ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები“

შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს“, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემა განაცხადა.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიების წინასწარი მონაცემებით ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს“, – აცხადებს ჭელიძე.

">