„ვაშაძის მხარდაჭერა, არ ნიშნავს დღევანდელი სააკაშვილის გასულთნების მხარდაჭერას“

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა, არ ნიშნავს დღევანდელი სააკაშვილის გასულთნების მხარდაჭერას (რაზეც ის ოცნებობს), ან რამენაირად წარსულში დაბრუნებას. გრიგოლ ვაშაძეს მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ მეორე მხარეს სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილია.

მე პატივს ვცემ ხალხის ნებას, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს ნება, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს ვეცი პატივი მათ არჩევანს. ერთადერთი, რაც დღევანდელ სააკაშვილთან მაერთიანებს, წარსულის გარდა, არის „არა სალომეს“. ზუსტად ისე გავაგრძელებ ქსენოფობი პოპულისტების ოპოზიციაში ყოფნას, როგორც აქამდე ვიყავი და ამაში ენმ-იც იგულისხმება.

ნურავის ექნება სხვა ილუზია – იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც შიშობს, რომ ვაშაძის მხარდაჭერით წარსულის დაბრუნებას ვუჭერ მხარს.

ორ ბოროტებას შორის, ნაკლების მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ მხოლოდ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

">