ვარლამ ლიპარტელიანმა დავით ქევხიშვილს ფედერაციაში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით საჯაროდ დაუსვა კითხვები

ძიუდოისტების ნაწილმა, რომლებმაც ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, სპეციალური განცხადება გააკეთეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა დავით ქევხიშვილს ფედერაციაში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით საჯაროდ დაუსვა კითხვები.

„სად დაიკარგა და სად წავიდა ის თანხები, სპორტსმენის მიერ მოპოვებული ლიცენზიით 85 ათასი ლარი თითოეულ სპორტსმენზე ჩაერიცხა ფედერაციას, სპორტსმენმა აქედან მხოლოდ 13 ათასი ლარი მიიღო, რა მიზნობრიობით დაიხარჯა დანარჩენი თანხა, წარმოადგინოს ყველა საბუთი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასებიდან 10%, რომელიც პირდაპირ ფედერაციაში „ატკატის„ სახით ბრუნდება.

სად მიდის მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდი, რომელიც პირდაპირ მწვრთნელს ეკუთვნის, რატომ აბრუნებინებს 10%-ს და რაში ხარჯავს იგი მას.

ვისი თანხებით დადიან გულშემატკივრები ჩემპიონატებზე. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს  არ ჰყავს მასაჟისტი და ამავდროულად უამრავი გულშემატკივარი მოდის, დააკონკრეტოს, ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იმყოფებოდა მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე.

რატომ არ ჰყავს გოგონების ნაკრებს ამ ხნის განმავლობაში პირადი ექიმი, ამაზე პირდაპირ გაგვცეს კონკრეტული პასუხი.

დაგვისახელეთ ბატონო დავით, რა ძალა გვმართავს ჩვენ, ვინ დგას ჩვენს უკან, თქვენ დააკონკრეტეთ, რომ ჩვენ მართული ჯგუფი ვართ, დაასახელეთ სახელი და გვარი, ვინ გვმართავს ჩვენ

რატომ იყო ყრილობა დახურული, არტომ არ ჰქონდათ ჟურნალისტებს იქ შესვლის უფლება და რატო არ ჰქონდა მედიას საშუალება, ღიად გაეგო ყველაფერი, რას განიხილავდით.

ვინ არიან აღმასკომის წევრები, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ძიუდოისტების ბედს წყვეტენ, რა მიზნით დანიშნა მან ისინი.

რამდენი კლუბი არის „შევარდენი 2005“-ში დარეგისტრირებული, რომელ კლუბებსაც აქვთ არჩევნებში პირდაპირ მონაწილეობის უფლება და პრეზიდენტის არჩევის უფლება, ჩამთვალოს რამდენი კლუბი არის ერთ დარბაზში გაწევრიანებული, რომლებსაც პირდაპირ შეუძლიათ არჩევნების გზით აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტი.

რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომელს არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და რომელი სპორტსმენი ვართ იმ ასაკში, რომ კარიერა დავასრულოთ და ვითხოვდეთ ფედერაციაში ან პრეზიდენტობას ან ვიცეპრეზიდენტობას ან რაიმე თანამდებობას“,- განაცხადა ლიპარტელიანმა.