ვალდებულები ვართ, უხერხულობა მოვუხსნათ – კვაჭანტირაძე უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის საკითხზე საუბრობს

პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ არ შეიძლება, არ იყოს რაღაცა კავშირი ამ ორ საკონსულტაციო ორგანოს შორის – ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, არ შეიძლება პრეზიდენტი არ იყოს ოპერატიულად ინფორმირებული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სატელევიზიო კომენტარებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი არ არის ინფორმირებული მთელ რიგ საკითხებზე.

„პოლიტიკური გადასახედიდან ცოტა უხერხულობაში ვართ, როდესაც პრეზიდენტის კომენტარებით, ტელევიზიით ვიგებთ და აშკარად ჩანს პრეზიდენტის შეკითხვის ნიშნები ამ პროცესთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს უხერხულობა მოვუხსნათ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უზრუნველვყოთ პრეზიდენტის ოპერატიული ინფორმირებულობა უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაზე.

ვფიქრობთ, რომ მარტო ტექნოკრატიული არგუმენტებით, რომ გასაგებია, პრემიერმინისტრი ვერ უხელმძღვანელებს საბჭოს, სადაც ჩვეულებრივი წევრი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ იქნებ პრეზიდენტის წარმომადგენელი მაინც იყოს წარმოდგენილი საკონსულტაციო ხმის უფლებით ამ საბჭოში,“ – ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.

მისი განცხადებით, პარლამენტი ნოტარიალური ორგანო არ არის, თუმცა მას შეუძლია, ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას უყაროს კენჭი. თუმცა როგორც კვაჭანტირაძე ამბობს, უსაფრთხოების საბჭოში სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით შეყვანის საკითხი დიდი ხანია, განიხილება, თუმცა მთავრობიდან არანაირი საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.

“არანაირ გამოძახილს, არანაირ შემხვედრ აზრს საპასუხოდ ვერ ვიღებთ, ჩემთვის და ბევრი ჩემი კოლეგისთვის შემაშფოთებელია,” – ამბობს კვაჭანტირაძე.

">