ვაკვირდები პროცესებს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებთ გავცემ პასუხს

„თავს ვიკავებ განცხადებების გაკეთებისგან,“ – ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ვანო ზარდიაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ვანო ზარდიაშვილი ლობირებს პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას, ხოლო თავად დეპუტატი „ქართულ ოცნებაში“ მოსამართლე ჩინჩალაძის პროტექციით მოხვდა.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ გუნდში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს და უახლოეს მომავალში განცხადების გაკეთებას აანონსებს.

„რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, მე თავს ვიკავებ განცხადებების გაკეთებისგან იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში მიმდინარე პროცესები და, შესაბამისად, გუნდის გადაწყვეტილება, ამიტომ, მე ვაკვირდები პროცესებს და უახლოეს მომავალში დეტალურად, საზოგადოებას ყველაფერთან დაკავშირებთ გავცემ პასუხს,“ – განაცხადა ზარდიაშვილმა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებულად დავით მათიკაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, ვანო ზარდიაშვილი არ დასწრებია. დავით მათიკაშვილი კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

დავით მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარედ მას შემდეგ აირჩია, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკა ბესელიას გადადგომამდე დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია, რის გამოც, ბესელია გადადგა.

">