უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია შესაძლოა, ჩავარდეს

მოსამართლეთა ე.წ. შავი სია – პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და დამტკიცების მექანიზმები ირაკლი კობახიძემ დღეს გიორგი მიქაუტაძესთან ერთდ განიხილა.

„დეტალურად ვიმსჯელებთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მსჯელობის საგანი. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის პოლიტიკური პროცედურა და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციური სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან, კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე მივიღებთ თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ყველაფერს ექნება ერთგვარი უკუძალა,“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სიის უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა იმ შემადგენლობამ, ვინც პარლამენტში დასამტკიცებლადაა წარდგენილი, უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს და სია ჩავარდეს.

„კიდევ ერთხელ იქნება განახლებული სია, დანარჩენი არის ტექნიკური მხარე. თითოეული ის კანდიდატი, რომელიც იქნება წარმოდგენილი საგაზაფხულო სესიისთვის, მანამდე თუ როცა იქნება, დაექვემდებარება იმ პროცედურას და კრიტერიუმებს, რომლებიც იქნება გაწერილი. ბევრი ფორმა შეიძლება, მოვიფიქროთ ამისთვის. განახლებისთვის შეიძლება, იყოს ფორმალური ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატების, შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები, ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ მთავარი არის პოლიტიკური ნება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, აცხადებს, რომ დღეს არსებული კანონით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა უკან გაწვევა შეუძლებელია. თუმცა, მიქაუტაძის თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

„პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული და ეს კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ თუი იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ, რომ ღია პროცესში აბსოლუტურად, გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც შეთანხმდება სამუშაო, სარეფორმო ჯგუფი და რომელიც მიღებული იქნება,“ – განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ 10-კაციან სიას დიდი დაპირისპირება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მოსამართლეთა სიის უკან გაწვევას ითხოვენ, რასაც მათი თანაგუნდელები არ იზიარებენ.

">