უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი – პარლამენტში ორი, “ოცნებიდან” წასულებისა და დარჩენილების კანონპროექტები დარეგისტრირდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ორი ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება. ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძის საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, მისი ყოფილი თანაგუნდელების პროექტიც განიხილება.

მმართველ გუნდში კანონპროექტში გაწერილ წესს განმარტავენ.

„იუსტიციის საბჭო არა მხოლოდ წერილის საფუძველზე გამოუშვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად, არამედ ე.წ. გრძელ სიას შეადგენს, რომელთა მიხედვითაც იქნება იმ ადამიანების მოსმენა და გასაუბრება, რომელთაც აქვთ ამბიცია და პრეტენზია, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს წევრები. ამის შემდეგ იურიდიულ კომიტეტზე მოხდება სათითაოდ ყველა ამ პირის განხილვა, მოსმენა, კითხვების დასმა,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატების აუცილებლობასა და „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

ჩვენი ამოცანა არის, რომ პარლამენტს საბოლოო ჯამში წარედგინოს რაც შეიძლება ბევრი ღირსეული და უკეთესი კანდიდატები და არა უბრალოდ იუსტიციის საბჭოს კერძო ინტერესებიდან გამომდინარე წრე კანდიდატების, რომლებიც თავის ფონად, თავისზე უარეს კანდიდატებს დაასახელებენ,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს და დარწმუნებულია არიან, რომ ცვლილება ფასადურია და მისი მთავარი მიზანი კლანის გაძლიერებაა.

ქართული ოცნების ყველა ინიციატივა მოსამართლესთან დაკავშირებით, როგორი კოსმეტიკურად შელამაზებულიც არ უნდა იყოს მისი წინა ვერსიები, ემსახურება ერთ რამეს- ამ კლანის შენარჩუნებას, ხოლო კლანის შენარჩუნება ემსახურება ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის კიდევ უფრო განმტკიცებას. სერიოზული ფინანსური ბერკეტები და ინსტრუმენტებია ივანიშვილის ხელში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

">