უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მერვე სხდომა გამართა

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მერვე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიამ საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოტანილ განცხადებებსა და მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე შესაძლო დარღვევების შესახებ ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, 24 განცხადება იქნა შემოტანილი რეაგირებისათვის, ასევე, განვიხილეთ რამდენიმე ათეული განცხადება, რომლებზეც ოფიციალურად არავინ მოგვმართა, მაგრამ ჩვენვე ვნახეთ მედიამონიტორინგის შედეგად ინფორმაცია და საჭიროდ მივიჩნიეთ მათი განხილვა. აქედან მხოლოდ 4 შემთხვევა ეხებოდა შესაძლო ძალადობრივ ქმედებას, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ეს ოთხი შემთხვევაც ჩვენთვის არის დიდი ციფრი, რადგან ჩვენი მიზანია, წინასაარჩევნო კამპანია სრულად თავისუფალი იყოს ძალადობისა და ვერბალური აგრესიისგან”, − განაცხადა თეა წულუკიანმა და შს სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს ამ საკითხების ირგვლივ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის მიწოდება სთხოვა.

">