უსუფაშვილი: „IRI-ის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო რეიტინგი ორნიშნა იყო“

„შენების მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით Edisson Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, IRI-ის ბოლო კვლევით, რომელიც არ გასაჯაროვებულა, მას „ორნიშნა რეიტინგი“ აქვს.

„საარჩევნო რეიტინგების თაობაზე გავრცელებული სპეკულაციების ფონზე, კონფიდენციალობის პირობის დაურღვევლად, მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ IRI-ის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო რეიტინგი ორნიშნა იყო. ვადასტურებ იმასაც, რომ ბოლო კვირებში ჩემი მხარდამჭერების რაოდენობა ყველა კონკურენტზე გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. ამრიგად, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მეორე ტურში გასვლა აბსოლუტურად რეალისტურია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მითუმეტეს, რომ „მეტი შეგვიძლია!“ – წერს უსუფაშვილი.

">