უარვყოფთ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს

„თი ბი სი ბანკში“ მიმდინარე გამოძიებაზე ბანკის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა. ბანკის მიერ პასუხებია გაცემული იმ შეკითხვებზე, რომელიც მედიაში გაჩნდა.

განცხადებაში პასუხია გაცემული პორტალ kvira.ge-ზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ “თი ბი სი ბანკის” წინააღმდეგ აღძრული საქმე, ბანკის დამფუძნებლებს უკავშირდება. დასახელებულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გვარები, ასევე ერთ-ერთ ფიგურანტად არის მოხსენიებული კომპანია „სამგორის“ დამფუძნებელი და „ტვ პირველის“ დამფუძნებელი – ავთანდილ წერეთელი. მედიაში გავრცელებული ცნობის მიხედვით, საქმე ეხება ფულის გათეთრებას, რომელიც 2008 წელს დაფიქსირდა.

„თი ბი სი ბანკი“ გავრცელებულ ინფორმაციას ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს უწოდებს.

„8 იანვარს, გვიან საღამოს, რამოდენიმე მედია პორტალმა, გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყავნი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.

ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – “თი ბი სი ბანკს” – ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს.

“თი ბი სი ბანკი” არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ.

“თი ბი სი ბანკი” არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ “თი ბი სი ბანკის” არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;

· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული; ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

“თი ბი სი ბანკი” ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

">