„თუ საჭიროა, ჩვენ ნებისმიერ ტალახს ავიტანთ”

„თუ საჭიროა, ჩვენ ნებისმიერ ტალახს ავიტანთ, ნებისმიერ კრიტიკას ავიტანთ იმიტომ, რომ მთავარია მიზანი შესრულდეს,“- ამის შესახებ ეკა ბესელიას თანამოაზრემ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის ეკა ბესელიასთვის კაბინეტის შეცვლის ფაქტს გამოეხმაურა.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

მიუხედავად ამისა, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები, რომლებიც მოსამართლეთა 10-კაციანი სიას აპროტესტებენ, გეგმებს არ ცვლიან. მათი თქმით, სასამართლო სისტემის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებენ.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლოს მომავალი, ამ პარლამენტში წყდება. ყველაზე უმნიშვნელოა, გამრიცხავენ, არ გამრიცხავენ, შემაქებენ, მედალს ჩამომკიდებენ თუ რას იზამენ, ეს არის მეათასე ხარისხოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იქნება ჩვენი სასამართლოს მომავალი. ჩვენ ამას ვეძახით სასამართლოს მომავლის გადარჩენას. კი ბატონო, თუ ამას ჰქვია ბრძოლა სასამართლოს მომავლის გადასარჩენად, იყოს ბრძოლა სასამართლოს გადასარჩენად,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

">