თუ დამატებით, ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია – ქადაგიძის დაკითხვა დასრულდა

ეს არ არის პატარა რიგითი ამბავი, აუცილებელია, 100- პროცენტიანი საჯაროობა –  ეს განცხადება, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, TBC ბანკის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

ქადაგიძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. მისი თქმით, ძირითადი კითხვები ეხებოდა ფუნქცია-მოვალეობასზედამხედველობის სააგენტოში და კონკრეტული შემოწმების იმ აქტს, რომელიც ქადაგიძის თქმით, სადაო ტრანზაქციასთან კავშირში არ არის.

ქადაგიძე ამბობს, რომ აუცილებელია, TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა ინფორმაცია იყოს საჯარო.

„როგორც ყოფილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, შემიძლია ვთქვა, რომ თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაშიძალიან ძნელი დასანახია. ამიტომ ვამბობ,რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია,“-აცხადებს ქადაგიძე.

მისივე თქმით, არ არსებობს ამ საქმეში არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია, შესაბამისად გამოძიებას ხელს არაფერი უშლის, რომ მიმდინარე საქმეზე ინფორმაცია გასაჯაროვდეს.

ქადაგიძის განცხადებით, თავად საგამოძიებო უწყებების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ბრალდებებს ადეკვატური პასუხი გაეცეს.

“გარდა 100%-იანი საჯაროობისა, დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მეტ კითხვას გააჩენს. საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე და მის დამფუძნებლებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა,”-განაცხადა ქადაგიძემ.

">