„Window Project“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენას – „Second Order“ უმასპინძლებს

22 დეკემბრიდან გალერეა – „Window Project“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, საქართველოში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველ პეროსნალურ გამოფენას – „Second Order“ უმასპინძლებს და აღნიშნული ექსპოზიციით ახალ საგამოფენო სივრცეს გახსნის.

ექსპოზიცია მხატვრის სამ მიმართულებას – მითოსს, რელიგიასა და ეთნოგრაფიულ პოპს აერთიანებს. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს. ეთნოგრაფიული პოპი კი თანამედროვე სამყაროში ადამიანების სავიზიტო ბარათია, რომელიც წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება მინანქრის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, აბსტრაქტული ნახატები, ასამბლაჟები და პოპ-არტისტული ინსტალაციები.

გამოფენის კურატორია ნინა ახვლედიანი. ექსპოზიციის კონცეპტუალურ სტრუქტურასა და დიზაინზე კი ახალგაზრდა ხელოვანმა – ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა.

გამოფენა ვახტანგ ქოქიაშვილის განვითარების ეტაპებს ასახავს, რომლის განმავლობაში მითოსური ფორმები წარმოებისა და დიზაინის ეფექტებით იცვლებიან. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ამ გარდატეხის ამსახველი ცალკეული აქცენტები, მოტივები და სოციალური ტრანსფორმაციები, რომლებიც კულტურულ მეხსიერებას ახალი საკომუნიკაციო ფორმებით, მოდელებითა და პატერნებით აწარმოებენ. ქოქიაშვილის ცხოვრების ბოლო წლები სწორედ ასეთ თარგმანებს ეძღვნება. რელიგიური ნარატივები და სიმბოლოები თარგმნილია 2000-იანი წლების სამომხარებლო ენაზე. ასეთი ტრანსკრიფციით ახლებურ შემოქმედებით სივრცეს ვიღებთ, რომელსაც შეუძლია მოიცვას ფართო სოციალური სპექტრი და ამავდროულად მიუკერძოებელი იყოს.

ვახტანგ ქოქიაშვილი 1930 წელს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხტვრო აკადემია. 1962-1969 და 1973-1979 წლებში საქართველოს მხატვართა ფონდის მთავარი მხატვარი იყო. 1967 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. 1981-1994 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მონუმენტური სექციის თავმჯდომარე.

მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს ვარშავაში, ტრიპოლიში, დრეზდენში, სოფიაში, კეჩკემეტში და პარიზში გამოიფინა. მისი შექმნილია თბილისში ყოფილი სასტუმრო „ივერიას“, ფუნიკულიორის ქვედა სადგურის, საერთაშორისო აეროპორტის, სასტუმრო „მეტეხისა“ და ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ვიტრაჟები.

1990-იანი წლებიდან ვახტანგ ქოქიაშვილმა აქტიურად დაიწყო პოპ არტისტული სერიების შექმნა. მისი შემოქმედება ასობით კოლაჟს, გრაფიკასა და ასამბლაჟს აერთიანებს.

გამოფენა „Second Order“ 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

[R]

">