“ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ჯო ბაიდენმა ქვეყნის ოლიგარქს სანქციები უნდა დაუწესოს”, – ამ სახელწოდებით გავლენიანი გამოცემა THE HILL სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი.
ისინი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების წინააღმდეგ უკვე შემოღებული სავიზო და ფინანსური შეზღუდვები არ იყო საკმარისი, რადგან სანქციების პაკეტში არ მოხვდა თავად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი.
იან კელი და დევიდ კრამერი ამბობენ, რომ აშშ-მა მკაფიოდ უნდა თქვას, რომ გამოიყენებს თავის ფინანსურ მექანიზმებს თავად ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტის წინააღმდეგ, თუ ისინი განაგრძობენ სიარულს გზაზე, რომელიც კატასტროფული აღმოჩნდება ქართველი ხალხისთვის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის.
“ქართული ოცნება უკვე აკონტროლებს ხელისუფლების სამივე შტოს. ოპოზიციის უკანონოდ გამოცხადების დაპირებით და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ზიანის მიყენებით ივანიშვილი და კობახიძე არსებითად აღწერენ ანტიდასავლურ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელიც მართავს პროდასავლურ მოსახლეობას. შეერთებულმა შტატებმა უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუ ის გააყალბებს ოქტომბრის არჩევნებს მის სასარგებლოდ ან შეასრულებს მუქარას ოპოზიციის აკრძალვასთან დაკავშირებით მას და მის მილიარდებს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციების სრულ ძალასთან მოუწევს გამკლავება”, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში საუბარია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც და “არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი შეშფოთებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების გამო” მოწოდებაა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, “იყვნენ ფხიზლად” და გამოავლინონ ნებისმიერი გაყალბება თუ შეურაცხყოფა.