თბილისის ერთ-ერთ ქუჩას იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელი დაერქმევა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილეს, სტეფანო კრეშენცის შეხვდა. შეხვედრას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, საუბარი მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის შეეხო და აღინიშნა, რომ არქიტექტორის სახელის უკვდავსაყოფად და მისი მოღვაწეობის დასაფასებლად, სასურველია თბილისის რომელიმე ქუჩას ჯოვანი სკუდიერის სახელი მიენიჭოს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა,  აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

„დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების საკითხი განვიხილეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულო შესაბამის პროცედურებს განახორციელებს და უახლოეს მომავალში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი იტალიელი არქიტექტორის სახელი მიენიჭება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჯოვანი სკუდიერი, ეროვნებით იტალიელი არქიტექტორი იყო, რომელსაც საქართველოში მოღვაწე  არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა.

მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში (ახლანდელი ჩუღურეთისა და ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.